შშმ პირთა საერთაშორისო დღე, 3 დეკემბერი 2026
უკან
ბიზნესის გზამკვლევი · ინკლუზიური ტურიზმი

კარგი მოგზაურობა იწყება გასაგები ინფორმაციით.

სტუმარს უნდა შეეძლოს წინასწარ გაიგოს, როგორ მივა თქვენამდე, შევა სივრცეში და მიიღებს მომსახურებას. ზუსტი აღწერა ეხმარება მას საკუთარი საჭიროებების მიხედვით გადაწყვიტოს, რამდენად შეეფერება თქვენი ობიექტი.

რატომ არის მნიშვნელოვანი

ხელმისაწვდომობა გავლენას ახდენს მთელ ჯგუფზე.

ინკლუზიური ტურიზმი გულისხმობს ისეთ გამოცდილებას, რომლის დაგეგმვა და გამოყენება სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანს შეუძლია. ეს ეხება შშმ სტუმრებს, ხანდაზმულებს, დროებითი ტრავმის მქონე ადამიანებსა და მცირეწლოვანი ბავშვებით მოგზაურ ოჯახებსაც.

თუ ერთი სტუმარი ვერ შედის სივრცეში ან ვერ პოულობს საჭირო ინფორმაციას, შესაძლოა მთელი ჯგუფი სხვა ადგილს ირჩევდეს. ამიტომ უკეთესი ინფორმაცია და მომსახურება მხოლოდ ერთი ადამიანის საჭიროებას არ პასუხობს.

სტუმრის გზა

ბარიერი შეიძლება ნებისმიერ ეტაპზე გაჩნდეს.

გადაამოწმეთ გამოცდილება სტუმრის თვალით — პირველ ძებნიდან ადგილზე მომსახურებამდე.

01 / აღმოჩენა

არის ინფორმაცია?

რუკასა და ვებსაიტზე აღწერეთ შესასვლელი, საფეხურები, ლიფტი, საპირფარეშო, პარკირება და რეალური ფოტოები.

02 / დაგეგმვა

შეუძლიათ დაკავშირება?

მიუთითეთ საკონტაქტო გზა და უპასუხეთ კონკრეტულ კითხვებს. აუხსენით, რომელი მომსახურება ან დახმარებაა ხელმისაწვდომი.

03 / მისვლა

გასაგებია მისასვლელი?

აღწერეთ მისასვლელი გზა, საფარი, პანდუსი, კარის სიგანე და ალტერნატიული შესასვლელი, თუ ასეთი არსებობს.

04 / გამოცდილება

კომფორტულია ადგილზე?

გაითვალისწინეთ გადაადგილება შიგნით, დასაჯდომი ადგილი, განათება, ხმაური, სიგნალები და თანამშრომლების კომუნიკაცია.

დაიწყეთ რეალური სურათით

ზუსტი დეტალი უკეთესია, ვიდრე ზოგადი დაპირება.

„სრულად ადაპტირებულია“ სხვადასხვა სტუმრისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს. მიუთითეთ, რა არის შემოწმებული, რა შეზღუდვა არსებობს და როდის განახლდა ინფორმაცია. თუ რომელიმე პირობა ჯერ უცნობია, ესეც პირდაპირ დაწერეთ.

  • შესასვლელი და გადაადგილება — საფეხურები, პანდუსი, კარი, ლიფტი
  • სერვისები — საპირფარეშო, მაგიდები, დასაჯდომი ადგილები, პარკირება
  • გარემო — განათება, ხმაური, ხალხმრავლობა და მშვიდი დრო
  • კომუნიკაცია — დაჯავშნა, საკონტაქტო გზა და შესაძლო დახმარება
FAQ

ხშირად დასმული კითხვები

რა განსხვავებაა ხელმისაწვდომ და ინკლუზიურ ტურიზმს შორის?

ხელმისაწვდომობა ბარიერების შემცირებას ეხება — ფიზიკურ სივრცეში, ციფრულ ინფორმაციაში, კომუნიკაციასა და მომსახურებაში. ინკლუზიურობა ამაზე ფართოა: სტუმარი განსხვავებული საჭიროებითაც უნდა გრძნობდეს, რომ მას პატივს სცემენ და შეუძლია გამოცდილებაში მონაწილეობა.

ეს მხოლოდ შშმ სტუმრებს ეხება?

არა. მკაფიო ინფორმაცია, ადვილი შესასვლელი, დასაჯდომი ადგილი და მოქნილი კომუნიკაცია შეიძლება დაეხმაროს ხანდაზმულ სტუმრებს, მცირეწლოვანი ბავშვებით მოსულ ოჯახებსა და დროებითი ტრავმის მქონე ადამიანებსაც.

დიდი ხარჯის გარეშე რით დავიწყო?

დაიწყეთ არსებული პირობების ზუსტი აღწერით და ფოტოებით. შემდეგ გადაამოწმეთ ნიშნები, საკონტაქტო ინფორმაცია, თანამშრომლების მზადყოფნა და ის, შესაძლებელია თუ არა სტუმრისთვის წინასწარ მნიშვნელოვანი დეტალების მიწოდება. ფიზიკური ცვლილებები პრიორიტეტების მიხედვით დაგეგმეთ.

როგორ ვთქვა, რომ ობიექტი ადაპტირებულია?

ზოგადი შეფასების ნაცვლად აღწერეთ კონკრეტული პირობები: რამდენი საფეხურია, აქვს თუ არა შესასვლელს პანდუსი, სად არის ლიფტი და როგორია საპირფარეშო. შეზღუდვებიც მიუთითეთ, რათა სტუმარმა თავად მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება.

შეიძლება ობიექტის დამატება, თუ ჯერ ყველაფერი ადაპტირებული არ არის?

დიახ. მნიშვნელოვანია რეალური პირობების გულწრფელად აღწერა, მათ შორის არსებული ბარიერების. ობიექტის დამატება უფასოა და არ გულისხმობს, რომ ყველა პირობა შემოწმებული ან ადაპტირებულია.

როგორ მივიღო Inclusive Map-ის „შემოწმებულია“ სტატუსი?

ვერიფიკაცია ცალკე მოთხოვნით იწყება. ჩვენი გუნდი პირობებს ადგილზე ან საკმარისი მასალით დისტანციურად ამოწმებს და მიუთითებს, კონკრეტულად რა და როდის გადამოწმდა. ობიექტის დამატება ან რედაქტირება სტატუსს ავტომატურად არ ანიჭებს.

ტურისტმა სად შეიძლება ნახოს ჩემი ობიექტი?

გამოქვეყნებული ობიექტი ჩანს Inclusive Map-ის ობიექტების რუკაზე. ტურისტული ადგილების ცალკე რუკაც გვაქვს, თუმცა იქ განთავსება დამოუკიდებელი რედაქციული პროცესია და ბიზნესის განაცხადი ავტომატურად ამ კატალოგში არ ამატებს ადგილს.

შემდეგი ნაბიჯი

აჩვენეთ სტუმარს რეალური პირობები.

განაახლეთ თქვენი ობიექტის ინფორმაცია ან ნახეთ, როგორ გამოიყურება ტურისტული რუკა სტუმრისთვის.